როკი მაუნთინის ეროვნული პარკი, აშშ - თუშეთის ეროვნული პარკი
როკი მაუნთინის ეროვნული პარკი, რომელიც დაძმობილებულია თუშეთის ეროვნულ პარკთან, მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატში.
როკი მაუნთინის ეროვნული პარკში სათავეს იღებს მდ. კოლორადო და სხვა მდინარეები. ეროვნულ პარკში 3 650 მეტრზე მაღალი 60-ზე მეტი მთის მწვერვალი და ათობით ულამაზესი ალპური ტბაა. პარკი ზღვის დონიდან 2 350-4 270მ საზღვრებში მდებარეობს და აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეროვნულ პარკად ითვლება. როკი მაუნთინის ეროვნული პარკის ერთი მესამედი ტყის სარტყლის ზემოთაა (3 414-3 505მ). აქ, დაცვის მთავარი ობიექტი მაღალი მთის ეკოსისტემებია. ტყის სარტყელი შედარებით ტენიანი სუბალპური ნაძვნარებიდან და ფიჭვნარებიდან გადადის ყვითელი ფიჭვისა და ვერხვის მეჩხერ ტყეებში. ფართე ველებზე ულამაზესი მინდვრები გადაჭიმულია მორენების მახლობლად. ზოგიერთი ველი, ისე როგორც ფოლ-რივერი, კლასიკური მყინვარული ფორმებით ხასიათდება.
რაც შეეხება ბიომრავალფეროვნებას, არსებული მონაცემებით როკი მაუნთინის ეროვნულ პარკში 1000-ზე მეტი ყვავილოვანი მცენარის, 61 ძუძუმწოვარის, 280 ფრინველის, 7 თევზის, 5 ამფიბიისა და 1 ქვეწარმავალის სახეობაა აღწერილი.
ინფორმაცია როკი მაუნთინის ეროვნულ პარკზე შეგიძლიათ მიიღოთ ვებგვერდიდან: http://www.nps.gov/romo