2022 წლის შედეგებისა და 2023 წლის გეგმების განსახილველად, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2022 წლის შედეგებისა და 2023 წლის გეგმების განსახილველად, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნება და მონიტორინგი სააგენტოს პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრის მონაწილეებმა ბუნების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების საკითხებზე იმსჯელეს და ის სამუშაოები შეაჯამეს, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თითოეული ტერიტორიული ადმინისტრაცია ახორციელებს.

2023 წელს მუშაობა გაგრძელდება ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე, მათ შორის, სახეობათა დაცვასა და მონიტორინგზე, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ღონისძიებების გაძლიერებასა და სამართალდარღვევათა აღმოფხვრაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელს, დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერების მიერ, 274 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ხაზი გაესვა საპილოტე პროგრამის ფარგლებში პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს, რომელიც კიდევ უფრო მარტივს ხდის დაცულ ტერიტორიებზე პატრულირებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ადგილობრივ მოსახლეობას კი, დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. 2023 წელს, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, დაგეგმილია სალაშქრო ბილიკების ქსელის მოწყობა და თანმდევი რეკრეაციულ-ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.