აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა

აჭარაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას ითვალისწინებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წამომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა  შესაბამის პროექტის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.  ოთხწლიანი პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებას, რომელშიც შედის კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი და ახლად ჩამოყალიბებული მაჭახელას ეროვნული პარკი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მაჭახელას ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მართვის გაძლიერება და სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური პროექტების განხორციელება.

პროექტის მიმდინარეობისას  განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობას, მის ჩართულობას დაცული ტერიტორიების მართვის საკითხებში, დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობებს.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა მოსაზღვრედ მდებარე ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატთან თურქეთში, რომელიც აჭარის დაცულ ტერიტორიებთან ერთად ქმნის კოლხური ტყეების შესანარჩუნებლად შექმნილი დაცული ტერიტორიების ჯაჭვს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის.

პროექტს აფინანსებენ მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).  ბიუჯეტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.