ადგილობრივი თემების მონაწილეობა დაცული ტერიტორიების ტყის მართვაში

დაცული ტერიტორიების სააგენტოში პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობა დაცული ტერიტორიების ტყის მართვაში“ შედეგების განხილვა გაიმართა. პროექტი თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან პარტნიორობით განახორციელა. პროექტის მიზანი დაცული ტერიტორიების მენეჯერებსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და გაღრმავების ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თემებიდან დაინტერესებული დურგლებისთვის დაცულ ტერიტორიებზე ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის პრაქტიკული ნაწილისთვის კი, სოფელ შენაქოსთან არსებული მცირე სადურგლო სახელოსნო შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. ასევე მოხდა დაცული ტერიტორიების ტყის მართვაში დამხმარე ზონის მოსახლეობის ჩართულობის კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება. პროექტი „ადგილობრივი თემების მონაწილეობა დაცული ტერიტორიების ტყის მართვაში“ ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისთვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II) ფარგლებში მიმდინარეობს და მსოფლიო ბანკის (WB), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) თანაპარტნიორობით ხორციელდება. WWF Georgia