ადმინისტრაციის მშენებლობის პროცესი

დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის სეზონის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს. სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თომა დეკანოიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მშნებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ვიზიტორთა ცენტრის პირველ სართულზე საგამოფენო სივრცე განთავსდება, რომელიც ეროვნული მუზეუმის დახმარებით მოეწყობა. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ უკეთ გაეცნონ ისტორიას და ინფორმაციას ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ. შენობაში ასევე განთავსდება სასტუმრო, კაფე და საკონფერენციო დარბაზი.
„წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უპრეცედენტოდ ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზანია მომსახურების დონის ამაღლება და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია. ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“. - განაცხადა თომა დეკანოიძემ.
ამ ეტაპზე ბოლო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მისი დასრულება აპრილის ბოლოს იგეგმება.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა კოლხეთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 1 284 000 ლარს შეადგენს. ახალი შენობა ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში, აღმაშენებლის 271 ნომერში მდებარეობს.