ახალი ბილიკი თბილისის ეროვნულ პარკში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა შვეიცარიის მისიის წარმომადგენელ ფლორიან გუბლერთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომის“ თავმჯდომარე ნათია მულაძესთან ერთად თბილისის ეროვნულ პარკში ახლად მარკირებული ბილიკი დაათვალიერა.
მიმდინარე წლის თებერვალში, ამ საკითხთან დაკავშირებით შვეიცარიის საელჩოში შვეიცარიისა და ქართულ მხარეს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.ბილიკის მოწყობაზე 35 000 ლარიანი გრანტი გამოიყო, მოსამზადებელი სამუშაოები მარტში დაიწყო, ბილიკი კი ოფიციალურად აგვისტოში გაიხსნება. ეს არის პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და მარკირებული სალაშქრო ბილიკი თბილისის ეროვნულ პარკში, რომელიც მამკოდასა და საგურამოს დამაკავშირებელია.
ბილიკი სოფელი მამკოდიდან იწყება, გაივლის ვეჯინის ხეობას, დიდველს და საგურამოში სრულდება. მისი გავლა ერთ დღეში შესაძლებელია, თუმცა ბილიკის გასწვრივ მოწყობილია საკარვე ადგილები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ ღამე გაათენონ კარვებში. ბილიკის მოწყობას საქართველოში შვეიცარიის მისია აფინანსებს, ხოლო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომი“ ახორციელებს.
ამჟამად, ბილიკი გაწმენდილი და მარკირებულია, მოწყობილია საპიკნიკე და საკარვე ადგილები, ხოლო საინტერპრეტაციო დაფები და მიმართულების მაჩვენებელი ნიშნები უახლოეს მომავალში განთავსდება.