ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ქვიშხეთის უბანზე, სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ქვიშხეთის უბანზე, სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, ჩამოიშალა მიწის მასა და ხეები.
აღნიშნულის შესახებ, რეინჯერებმა, მყისიერად შეატყობინეს შესაბამის სამსახურებს. დაუყოვნებელი რეაგირების შედეგად მოხდა მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენცია: წყლის შეგუბების თავიდან არიდება და დასახლებული პუნქტისთვის საფრთხის არიდება. გაიწმინდა ჩახერგილი ადგილი ხის მორებისგან, გათავისუფლდა წყლის კალაპოტი და შეგუბების საფრთხე აღმოიფხვრა.
ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში, კოორდინირებულად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.