დავით იოსებაშვილი, თამარ ხახიშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, მოადგილესთან თამარ ხახიშვილთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას, რაც მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, დელეგაცია გაეცნო ამერიკის ეროვნული პარკების ბუნებრივი და კულტურული ძეგლების მართვის სპეციფიკას, გამოცდილებას, მათ შორის ვიზიტორთა მომსახურების, ეკოტურისტული საქმიანობების, ხანძრებთან ბრძოლის თუ კანონაღსრულების მიმართულებით.
დელეგაცია გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს ეწვია, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს კანიონად ითვლება და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შატატებში ვიზიტის განმავლობაში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის დეკლარაციას, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, გარემოს დაცვის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობების დაცვის, ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. ამერიკულ და ქართულ მხარეებს შორის შეთახმების გაფორმება ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDOI-ITAP) ინიცირებით მოხდა.