დავით მარკოზაშვილმა „ბიო ჰაკათონში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა „ბიო ჰაკათონში“ გამარჯვებული გუნდის წევრები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს კოლხეთის ეროვნულ პარკში 1-დღიანი ტურის უფასო ვაუჩერი გადაეცათ.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ კოლხეთის ეროვნული პარკის 3 სანაოსნო მარშრუტზე სხვადასხვა ტიპის ნავებით გაისეირნონ. მონაწილეობა მიიღონ ფრინველებზე დაკვირვებისა და ეკოსაგანმანათლებლო ტურებში. პარკში განსაკუთრებულად საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. „ბიო-ჰაკათონი“ ინოვაციური შეჯიბრია, რომელიც ბიოლოგიით, კომპიუტერული ინჟინერიითა და კომპიუტერული მეცნიერებებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, საქართველოში პირველად, ტექნოპარკში გაიმართა.

კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილეებმა შექმნეს ისეთი აპლიკაცია/ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებს საქართველოში გარემოს დაცვის, მედიცინის ან სოფლის მეურნეობის მიმართულებების განსავითარებლად. პროექტის მიზანი, ახალგაზრდებში ტექნოლოგიურ მიმართულებებზე ცნობიერების ამაღლება იყო.