„დედაენის ბაღში“ ფოტოგამოფენა, ინსტალაცია და პერფორმანსი „ჩემი ფანჯრიდან“ გაიმართა.

პროექტი „ჩემი ფანჯრიდან“ მიზნად ისახავს ასახოს, როგორ ვცხოვრობთ, როგორია ჩვენი გარემო, რას ვხედავთ ჩვენი ფანჯრიდან და რა გვსურს, რომ დავინახოთ.

პროექტი ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილებებით შექმნილ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას.

პროექტის ფარგლებში გამართული გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ, სიმბოლური ოთახის ფანჯრიდან გაიხედონ და თავად გადაწყვიტონ, როგორი სამყაროს ხილვა სურთ მომავალში. „ოთახის” გარშემო განთავსებული ფოტოგამოფენა საქართველოს ულამაზეს დაცულ ტერიტორიებს ასახავს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი საგანძურის დაცვა.

პროექტის „ჩემი ფანჯრიდან“ ფარგლებში, სოციალური მედიით ჩატარებული ფოტოკონკურსის შედეგად, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 50 საკონკურსო ფოტო შეირჩა, რომელთაგან 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

გამოფენის გახსნას და თეატრალურ პერფორმანსს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ კუსიდი დაესწრო. კლიმატის ცვლილებებით შექმნილი გამოწვევების დაძლევის ღონისძიებებში დაცული ტერიტორიების სააგენტო ატიურად არის ჩართული და დაცული ტერიტორიების უმნიშვნელოვანეს როლს წარმოაჩენს.

ფოტოგამოფენა დედაენის ბაღში 25 ივლისამდე გაგრძელდება.

პროექტის „ჩემი ფანჯრიდან“ მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელშეწყობით. იდეის ავტორია ფოტოგრაფი ლევან ქაშიბაძე.