ძუძუმწოვარ ცხოველთა რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის დადგენა ლაგოდეხში

ძუძუმწოვარ ცხოველთა რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის დადგენა ლაგოდეხში 

2013 წლის 1 დეკემბერს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საველე კვლევა განხორციელდა, რომელიც მსხვილი ძუძუმწოვრების რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის განსაზღვრას ითვალისწინებს. ამ სახის აღრიცხვა ვერტმფრენის საშუალებით ხორციელდება და აერო ფოტო და ვიდეო გადაღებაზეა დაფუძნებული. ძუძუმწოვართა პოპულაციების რიცხოვნობისა და სიმჭიდროვის დადგენა  შესაძლებელია სპეციალური ტრანსექტებზე აღრიცხვის გზით, ხოლო მოპოვებული მონაცემები საგანგებო კამერალურ დამუშავებას საჭიროებს.

აღნიშნული კვლევა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ილიას უნივერსიტეტის პროფესორების - ზურაბ გურიელიძის, ნათია კოპალიანისა და ლექსო გავაშელიშვილის მიერ ჩატარდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი სოსო ქარცივაძე.

აღრიცხვა ჩატარდა როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების - ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა და ლაგოდეხის აღკვეთილს პერიმეტრზე, ასევე მათ მომიჯნავე ბუფერულ ზონებშიც. აერო გადაღებების დროს ჯიხვის, ირმის, დათვის, შვლის და სხვათა ძუძუმწოვართა ფოტოები დაფიქსირდა. ხოლო ფრინველებიდან კი, შურთხის მოზრდილი პოპულაცია იქნა აღბეჭდილი. აღნიშნული მასალა ილიას უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე დამუშავდება და შედეგები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შემდგომი გამოყენებისათვის გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა და მიზნად დაცულ ტერიტორიაზე სახეობათა რაოდენობის დადგენას ისახავს.