გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ეკოკორიდორების პროგრამის (ECF II) რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრაზე პროექტის მეორე ფაზის ძირითადი ამოცანები, მიზნები და შემუშავებული მეთოდოლოგია წარადგინეს, რომელიც ითვალისწინებს დაცულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ეკოკორიდორების შექმნას სახეობების მიგრაციისთვის, ჰაბიტატების დაცვას, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ლანდშაფტების შენარჩუნებას ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შენარჩუნებას, ხშირ შემთხვევაში კი, მის გაუმჯობესებას. საქართველოში პილოტურ კორიდორად შერჩეულია დასავლეთ მცირე კავკასიონი. აღნიშნული დერეფანი აჭარის დაცულ ტერიტორიებს აკავშირებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დირექტორმა, გიორგი სანადირაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, ასევე, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედი სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„დაცული ტერიტორიების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესია დაკავშირებული ქსელის შექმნა. სწორედ ამას უწყობს ხელს აღნიშნული პროექტი, რომელმაც უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პირველი ფაზის ფარგლებში. გაფორმდა შეთანხმებები ადგილობრივ მოსახლეობასთან, რაც უზრუნველყოფს თემზე დაფუძნებულ კონსერვაციას და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. გარდა ბიომრავალფეროვნების დაცვის პრაქტიკული შედეგისა, პროექტი ასევე ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. მათ შორის, დაცული ტერიტორიების გაფართოებას“, - განაცხადა ღონისძიების გახსნით ნაწილში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზძემ.
ეკოკორიდორების ფონდი კავკასიაში (ECF II) უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების დაცვას სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში გრძელვადიანი საკონსერვაციო ხელშეკრულებების საშუალებით. პროგრამის პირველი ფაზა 2015-2020 წლებში განხორციელდა. მეორე ფაზა 4 წლიანია და 2025 წელს დასრულდება.