„Geocaching“-ი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა „Geocaching“-ი გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს.
თამაშში მონაწილეობა ბორჯომ-ხარაგაულის პარკის აბასთუმნის უბანზე საველე პრაქტიკაზე მყოფმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 40-მდე სტუდენტმა მიიღო. სამი გუნდი GPS-კოორდინატების, ადგილის ფოტოსურათისა და ზეპირი აღწერილობის მიხედვით 2 საათის განმავლობაში ეძებდა პარკის თანამშრომლების მიერ გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში წინასწარ დამალულ სიმბოლურ „განძს“. გაიმარჯვა ყველაზე სწრაფმა გუნდმა. 
„Geocaching“-ი მსოფლიოში გავრცელებული თამაშია, რომელიც GPS-ის მომხმარებლებისა და ველურ ბუნებაში თავგადასავლების მოყვარულთათვისაა შექმნილი.