კოლხეთის ეროვნული პარკში საგამოფენო დარბაზი გაიხსნა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს უმასპინძლა და ვიზიტორთა ცენტრში გახსნილი ახალი საგამოფენო დარბაზი დაათვალიერებინა. 

დარბაზში, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მეომრანდუმის ფარგლებში მოეწყო ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს და მიიღიონ ინფორმაცია კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელობის, მისი ბიომრავალფეროვნების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ. მინისტრმა ასევე მოინახულა პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი ორი სათევზაო ადგილიც, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული. 

კოლხეთის ეროვნული პარკი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სანაოსნო, სპორტული თევზჭერის, ფრინველებზე დაკვირვებისა და ეკო-საგანმანათლებლო ტურების ფართო არჩევანს სთავაზობს.