კონსერვაციის მსოფლიო კონგრესი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ კვანტალიანი ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუში მიმდინარე კონსერვაციის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობენ.
კონგრესი ბუნების კონსერვაციის მსოფლიო კავშირის (IUCN) ეგიდით და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონფერენციის ფარგლებში, ეკატერინე გრიგალავამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში - “მსოფლიო მემკვიდრეობის პროცესების მიღმა: მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების გაძლიერების მიზნით კრეატიული მიდგომების ხელშეწყობა”. თამარ კვანტალიანმა IUCN -ის მწვანე სიის შესახებ გამართულ შეხვედრაზე მწვანე სიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა სურვილი, რომ სიაში საქართველოს რომელიმე დაცული ტერიტორიის ნომინირება მოხდეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საკონსულტაციო ჯგუფ GFA-თან ერთად კონგრესზე პოსტერი წარმოადგინა, რომელიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებს და მიღწეულ შედეგებს შეეხებოდა. IUCN-ის 1300-ზე მეტი წევრი ორგანიზაცია გლობალური საკონსერვაციო დღის წესრიგსა და IUCN-ის მომდევნო ოთხი წლის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს.
კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და აერთიანებს სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო, აკადემიური და ბიზნეს სექტორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ლიდერებს. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირში (IUCN) საქართველო გაწევრიანებულია 2008 წლიდან, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ორმხრივი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ამ ორგანიზაციასთან.