ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სასტუმრო გაიხსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე განახლებული ვიზიტორთა ცენტრი და სასტუმროს შენობა გახსნა.
სასტუმროში სულ 7 სხვადასხვა ტიპის ნომერია. ვიზიტორებს საშულება აქვთ სტანდარტული, ლუქსის და ჰოსტელის ტიპის ოთახებში განთავსდნენ. სასტუმროში გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ნომერიც. სასტუმრო 15-წლიანი იჯარით გაიცა და მასში 5 ადამიანი დასაქმდა. შენობაში მოეწყო ღია და დახურული კაფეები. ვიზიტორთა ცენტრთან მოეწყო საპიკნიკე ადგილიც.
სამშენებლო სამუშაოები „ფონდი ქართუს“ და „კავკასიის ბუნების ფონდის“ დაფინანსებით ჩატარდა და მასზე 350 000 ლარამდე დაიხარჯა.
გიგლა აგულაშვილთან ერთად ლაგოდეხში სასტუმროს გახსნას მინისტრის მოადგილე ეკა გრიგალავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი და „ფონდი ქართუს“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანიც დაესწრნენ.