პარლამენტმა დაცული ტერიტორიის სტატუსი 16 ბუნების ძეგლს მიანიჭა

პარლამენტმა დაცული ტერიტორიის სტატუსი 16 ბუნების ძეგლს მიანიჭა

მიმდინარე წლის ივლისში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით საქართველოს პარლამენტს განსახილველად 8 ობიექტზე არსებული 16 ბუნების ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაეცა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა გასულ კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცა და ამიერიდან, აღნიშნულ ბუნების ძეგლებზე ზრუნვა სახელმწიფოს კომპეტენციას წარმოადგენს. ნებისმიერი ობიექტი დაცული ტერიტორიის სტატუსს სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, ბუნების დაცვის საერთაშორისო  კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული კრიტერიუმების დაცვის შემთხევაში იღებს.

 

აღნიშნულ ტერიტორიებზე აიკრძალება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ამ ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემა. ბუნების ძეგლებით სარგებლობა მხოლოდ ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისათვის იქნება შესაძლებელი.

 

სამომავლოდ, დაცული ტერიტორიების სააგენტო თავის მხრივ, ბუნების ძეგლების  პოპულარიზაციისა და კეთილმოწყობის მიზნით სახვადასხვა სახის სარესტავრაციო და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. ჯვრის უღელტეხილზე საგზაო სამუშაოების დროს დაზიანებულ ტრავერტინზე კი, განსაკუთრებული მონიტორინგი დაწესდება, რომელიც უზრუნველყოფს ამ ობიექტის დაცვას შემდგომი დაზიანებებისაგან მისი პირვანდელი სახის დაბრუნების მიზნით.

 

ბუნების ძეგლის სტატუსის მატარებელი ამიერიდან შემდეგი რვა ობიექტი იქნება:

  • გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი (ადიგენის მუნიციპალიტეტი);
  • დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი (წალკის მუნიციპალიტეტი);
  • სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);
  • მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი);
  • ბოდორნის კლდის სვეტები (დუშეთის მუნიციპალიტეტი);
  • ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი);
  • ქეთერისის მინერალური ვოკლუსის ბუნების ძეგლი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი);
  • სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი - მოიცავს 8 ბუნების ძეგლს (ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტები).