ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გაიხსნა

დაცული ტერიტორიების საააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნათია ნაცვლიშვილმა სოფელ ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გახსნეს.
თუში მეცხვარეებისთვის ვეტერინარული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ ფარგლებში, ასოციაციების მართვის ცენტრთან (AMC) პარტნიორობით მოეწყო.
ვეტერინარული ცენტრი ვეტ. აფთიაქსა და მობილურ ვეტერინალურ მომსახურებას აერთიანებს და ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი. ამ ეტაპზე ცენტრი 5 000 ცხვარს მოემსახურება, მის ოპერირებას კი კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია მოახდენს.
ცენტრი პროფესიული კოლეჯის შენობაში მდებარეობს. პროექტის ხელშეწყობით, კოლეჯს დაემატა ვეტერინარიის მიმართულება და სტუდენტებს ვეტერინარული ცენტრის ექიმები გადაამზადებენ. გარდა ამისა, სოფელ კასრიწყალში ვეტერინარებისთვის მოსასვენებელი ადგილი გარემონტდა. ვეტერინარული ცენტრისთვის ფართი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოყო.
მობილური ვეტერინარული მომსახურებისთვის კი მანქანა ცენტრს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა გადასცა (GIPA).