შეხვედრა ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობასთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი ფშავში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფშავ-ხევსურეთში ჩატარებული ფონური კვლევის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა. ლაშა მოისწრაფიშვილის თქმით, ჩატარებული კვლევების შედეგად, ფშავის საზღვრებში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობა განისაზღვრა.

ჩატარებული კვლევის შედეგებზე და არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ ხევსურეთში არსებული ეროვნული პარკის სტატუსი შესაბამისობაშია კანონის მთხოვნებთან, ხოლო ფშავის ნაწილში, იქ, სადაც დღევანდელი მდგომარეობით არ არის დაცული ტერიტორია, შესაძლებელია დაცული ტერიტორიების მე-5 კატეგორიის - დაცული ლანდშაფტის დაარსება.
ფშავის მოსახლეობა პროექტის პირველ ეტაპს მიესალმება და მისი განხორციელების მომხრეა.

ფშავში ფონური კვლევები გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი "კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III)" ფარგლებში ჩატარდა.