თოვლის ფეხსაცმელებით ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

თოვლის ფეხსაცმელებით ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

გასულ შაბათ-კვირას მოყვარულ მოლაშქრეთა 12 კაციანი ჯგუფი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ეწვია. ორდღიანი გასვლის დროს მათ პარკში ვიზიტორთათვის დანერგილი ახალი პროდუქტით - თოვლის ფეხსაცმელებით ისარგებლეს და პარკში არსებული ერთ-ერთი ტურისტული ბილიკის საშუალებით ამარათის თოვლიანი მთა დალაშქრეს. ცნობისათვის, თოვლის ფეხსაცმელი (snowshoe) ოვალური ფორმის მეტალისა და პლასტმასისგან შემდგარი ფირფიტაა, რომელიც თხილამური მსგავსად ძირითადი ფეხსაცმლის ძირზე მაგრდება და რომლის საშუალებით გადაადგილებისას ფეხი თოვლის საფარში მინიმალურადაც კი არ ეფლობა. 

თოვლის ფეხსაცმლის ვიზიტორებზე გაქირავება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უკვე მიმდინარე კვირიდან დაიწყება. მათი ერთი დღით ქირავნობის ღირებულებაა 15 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო დღეზე ვიზიტორს 10 ლარის გადახდა მოუწევს.

პარკში ერთ-ერთ ტურისტულ ბილიკზე, კერძოდ კი ე.წ. რომანოვის ბილიკზე არსებული ხის კოტეჯი ზამთარშიც ფუნქციონირებს. იგი აღჭურვილია შეშის ღუმელით და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ზამთარშიც კი ეწვიოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და ისარგებლოს ახლად დანერგილი ტურისტული პროდუქტით.