ვაშლოვანის ეროვნულ პარკში განხორციელებული სამუშაოები

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარესთან ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ვაშლოვანის ეროვნულ პარკში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 საპილოტე ფერმა მოეწყო. გადასარეკ ტერიტორიაზე, ცხვრის უწესრიგო მოძრაობით მიღებული ზიანის შესამცირებლად წყალმომარაგების სისტემა გაიმართა და 2 დასაწყურებელი გაკეთდა. გრძელვადიანი კლიმატური მონაცემების მისაღებად 2 ავტომატური მეტეოსადგური დამონტაჟდა. საძოვრების მართვის აქტიური ღონისძიებების განსახორციელებლად შეძენილ იქნა მცირე ზომის ტრაქტორი, შესაბამისი მისაბმელით.
სამუშაოები პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ ფარგლებში ჩატარდა.