ბირთვისის ბუნების ძეგლი
ღირსშესანიშნაობა: ბირთვისის კლდეების ბუნების ძეგლი წარმოადგენს კლდეთა მასივს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობებზე, სოფლების ტბისისა და ფარცხისის მიდამოებში. ეს ადგილი გამორჩეულია აქ ჩამოყალიბებული რელიეფის იშვიათი ფორმებითა და მათი სიუხვით, რაც მას განსაკუთრებულად აქცევს. ბუნებრივ წარმონაქმნებთან საოცრადაა შეხამებული შუა საუკუნეების ნაგებობები და კლდეში გამოკაფული საფეხურები. ბირთვისის ბუნების ძეგლი უნიკალურია იმით, რომ იგი მცირე კავკასიონზე კოლხური ფლორის გავრცელების უკიდურესი ფორფოსტია. გამოირჩევა ძველი კულტურის ძეგლების სიუხვითაც: დედა ციხე, პორფირიტულ ტუფში ამოჭრილი მოსანათლი ემბაზი, კოშკი სათოფურებით, სათოფურებიანი კედელი „ფეიქრისუბნიდან“ ბირთვისის მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე (გზის გასწვრივ ხრამის აკუსტიკა ექოს გამოძახილს იძლევა), კლდეში ამოკვეთილი კიბე და სხვ. მნიშვნელოვანი თავისებურებაა მათთან მისასვლელი გზების სირთულე. ამასთან, ეს ძეგლები გარემო პირობების გამოყენებისა და მასთან შენობა-ნაგებობების ჰარმონიულად შეხამების საუკეთესო მაგალითია, რაც ასევე საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. დედაქალაქთან სიახლოვე, მისასვლელი სამანქანო გზა და კლიმატური პირობები დაცული ტერიტორიის მონახულების შესაძლებლობას წლის ცივ პერიოდშიც იძლევა.
მდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. ტბისის მიდამოები. 1110-1400 მეტრი ზღვის დონიდან
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია სოფ. ტბისი. თბილისიდან დაშორებულია 50 კმ-ით; ხანგრძლივობა (ქ. თბილისი-სოფ.ტბისი) - 1სთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. თეთრიწყაროში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: სალომე კობაიძე
ტელ: 595 08 60 80
ელ. ფოსტა: salo.kobaidze@gmail.com