დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები დრონების გამოყენების მიმართულებით გადამზადებას გადიან
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები დრონების გამოყენების მიმართულებით გადამზადებას გადიან.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სამდღიანი სასწავლო პროგრამა „დრონების გამოყენება მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესებში” მიზად ისახავს რეინჯერების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) გამოყენების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაცულ ტერიტორიებზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის პროცესების ეფექტიანობას.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას, რათა რეინჯერებმა შეძლონ დიდი და რთულად მისადგომი ტერიტორიების უფრო სწრაფი და ზუსტი კონტროლი, დროულად გამოავლინონ შესაძლო სამართალდარღვევები, ხანძრის კერები და სხვა გარემოსდაცვითი რისკები, ასევე განახორციელონ ველური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების სისტემური დაკვირვება.
პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა დრონების მუშაობის პრინციპების, მართვის სისტემების, უსაფრთხოების წესების, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
პროგრამა მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების ეფექტიანი მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის ხელშეწყობას და გარემოსდაცვითი მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას.
