გურიის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გურიის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გურიის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობას, ტურიზმის ხელშეწყობასა და ადგილობრივი მოსახლეობის პროცესებში აქტიურ ჩართულობას. ასევე განხილული იყო ეროვნული პარკის გაფართოების შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ბილიკების ქსელის მოწყობა და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ გურიის ეროვნული პარკის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში ეკოტურიზმის გაძლიერებაში, რეკრეაციული სივრცეების გაფართოებასა და ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერაში. პარალელურად, პროცესი ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების შენარჩუნებას.
გურიის ეროვნული პარკი 2024 წელს დაარსდა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და 15 310 ჰექტარს მოიცავს. მისი შექმნის მიზანია გურიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების მდგრადი მართვა.
საზოგადოების ინფორმირებასა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები.
