ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიებმა ბერნის კონვენციის ექსპერტთა შეხვედრას უმასპინძლა
ლაგოდეხის დაცულმა ტერიტორიებმა ბერნის კონვენციის დაცული ტერიტორიებისა და ეკოლოგიური ქსელების ექსპერტთა ჯგუფის მე-16 შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა და მიზნად ისახავდა ზურმუხტის ქსელის (Emerald Network) განვითარების პროგრესის, სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და ბერნის კონვენციის 2030 წლის სტრატეგიული გეგმის ინდიკატორების განხილვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბერნის კონვენციის სამდივნოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები და ექსპერტები.
ლაგოდეხში საერთაშორისო ექსპერტების მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად, კონსერვაციის მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე ევროპის საბჭოსა და ბერნის კონვენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოში მეორე დაცული ტერიტორიაა, რომლისთვისაც ევროპის საბჭოს დაცული ტერიტორიების ევროპული დიპლომის (European Diploma on Protected Areas) მიღების კანდიდატურა განიხილება.
ამ მიმართულებით, მომდევნო დღეებში ბერნის კონვენციის შესაბამისი ექსპერტები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო შეხვედრებსა და საველე ვიზიტებს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები ადგილზე შეაფასებენ ტერიტორიის მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებს, ინფრასტრუქტურასა და ვიზიტორთა მართვის მიდგომებს.
