მტირალას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მტირალას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ტყის მართვის გეგმის პროექტი მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2025 წელს ჩატარებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების საფუძველზე მომზადდა. ინვენტარიზაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, შპს გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ განხორციელდა.
ტყის ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანია ტყის არსებული მდგომარეობის შეფასებისა და მისი შემდგომი მართვის დაგეგმვისთვის. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება ტყის დაცვისა და შენარჩუნების, მონიტორინგის, აღდგენისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებები.
ტყის მართვის გეგმა წარმოადგენს გრძელვადიან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის რესურსების დაცვისა და მართვის ძირითად მიმართულებებს და შესაბამის ღონისძიებებს.
საჯარო განხილვის ფარგლებში, მონაწილეებს ტყის მართვის გეგმის პროექტი და მასში წარმოდგენილი ძირითადი საკითხები გააცნეს. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოედგინათ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.