საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფოტო და ვიდეოგადაღების თანხმობის მიღების პროცესი გაციფრულდა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფოტო და ვიდეოგადაღების თანხმობის მიღების პროცესი გაციფრულდა
დაცული ტერიტორიების სააგენტო მომსახურების ეფექტურობის ამაღლებისა და პროცესების გამარტივების მიზნით, ფოტო და ვიდეოგადაღების თანხმობის მისაღებ განაცხადებს უკვე ელექტრონულ ფორმატში იღებს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შეუძლიათ ვებგვერდზე: https://parks.ge/#/register
ფოტო/ვიდეოგადაღების თანხმობის გაცემის ახალი, ეფექტური სისტემა დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასა და საქართველოს სპეციფიკაზე. სააგენტო უზრუნველყოფს ბალანსს გარემოსდაცვით საჭიროებებსა და კომერციულ ინტერესებს შორის, რაც ხელს უწყობს ბუნების დაცვას, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და მათ მდგრად განვითარებას.
გაცემული თანხმობებიდან მიღებული შემოსავლები მიემართება დაცული ტერიტორიების შენარჩუნების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის ამაღლებისკენ.
მოქმედი რეგულაციებით, ფოტო/ვიდეოგადაღებები დაყოფილია შემდეგ ძირითად კატეგორიებად:
1. მცირემასშტაბიანი კომერციული გადაღებები
2. ფართომასშტაბიანი კომერციული გადაღებები
3. არაკომერციული გადაღებები:
3.1. სოციალური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან/და სხვა არაკომერციული პროექტები;
3.2. ახალი ამბებისა და თემატური სიუჟეტების დაგეგმილი გაშუქება;
3.3. სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების გადაღებები.
ნებართვის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს https://parks.ge/#/register და სრულყოფილად შეავსოთ მოთხოვნილი საგანაცხადო ფორმა.
