წალკის კანიონში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

წალკის კანიონში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდა, რომელმაც წალკის კანიონის, როგორც სწრაფად განვითარებადი ეკოტურისტული მიმართულების, მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წალკის კანიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე, ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები.

წალკის კანიონის პროექტი საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ეკოტურისტული სივრცეა. კანიონზე, საქართველოში პირველად, 240-მეტრიანი შუშის ხიდი აშენდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის შედეგად შეიქმნა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, ამავდროულად კი შენარჩუნდა ტერიტორიის ბუნებრივი იერსახე, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.