2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

დღეს, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთშორისო დღე აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, (CENN) ეკობანაკის მოსწავლეებს უმასპინძლა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ბუნებრივი რესურსების მთავარმა სპეციალისტმა, ხათუნა წიკლაურმა დამსწრეებს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც მიმოხილული იყო ჭარბტენიანი ტერიტორიების შექმნის მიზნები, მათი მნიშვნელობა, მსგავს ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები. ასევე საუბარი შეეხო კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებას.
წელს, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 45-ედ აღინიშნა. საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია: კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადას, ჭურის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს) და ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).