ახალი ტურისტული სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში

ახალი ტურისტული სერვისი მტირალას ეროვნულ პარკში
2013 წლის 12 ნოემბერს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და ტურიზმის დარგის გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 ახალი გასართობი და ექსტრემალური ტურისტული სერვისი დაინერგა. ერთ-ერთი მათგანი ე.წ. ზიპლაინი - ხეებს შორის დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომელზედაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება. პარკში დამონტაჟებული ზიპლაინის საერთო სიგრძე 200 მეტრია.
მეორე სერვისი, რომელიც პარკში დაინერგა არის კანიონინგი. ეს ჩანჩქერებზე თოკით დაშვების ტექნიკაა, რომლის დროსაც ასევე გამოიყენება სპეციალური აღჭურვილობა და საკმაოდ პოპულარული რეკრეაციული აქტივობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მტირალას პარკში კანიონინგისთვის განკუთვნილი მონაკვეთი 700 მეტრის სიგრძისაა.
აღნიშნული სერვისების დანერგვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და კვლევის არასამთავრობო ორგანიზაცია ნაკრესის ინიციატივით განხორციელდა.
ახალი ტურისტული სერვისის გამოყენება სამონტაჟო სამუშაოების დასრულებისთანავე გახდება შესაძლებელი. გერმანელმა ექსპერტებმა კი პარკის მომსახურე პერსონალსა და რეინჯერებს ჩაუტარეს ტრენინგი ზიპლაინის მოხმარებასა და კანიონინგის ტექნიკური უნარ-ჩვევების დახვეწის დარგში.