ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერების მიერ დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევის ფაქტი, კერძოდ ერთდროულად ეროვნულ პარკის სამ უბანზე - ნეძვის აღკვეთილში, ზანავის უბანზე და ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში.

ეროვნული პარკის რეინჯერების და უფროსი რეინჯერების მიერ დევნის შედეგად გამოვლენილი იქნა აღნიშნული სამართალდამრღვევები: ზანავის უბანი - უფროსი რეინჯერის მამუკა თოთლაძის და რეინჯერ თეიმურაზ კობერიძის მიერ გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევის ფაქტი. დამრღვევს ჩამოერთვა სანადირო თოფი, შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმი, რომელიც გადაიგზავნება სასამართლოში შემდგომი რეაგორების მიზნით.

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი - უფროსი რეინჯერის არტუშ ირიციანის და ილია ბერძენიშვილის მიერ გამოვლენილი იქნა სამარათალდარღვევის ფაქტი ორი პიროვნების მიმართ, ჩამოერთვათ სანადირო თოფები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გადაგზავნილი იქნება სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით.

ნეძვის აღკვეთილი - ნადირობის ფაქტის გამოვლენაში ნეძვის აღკვეთილის უფროს რეინჯერ თეიმურაზ ლომიძესთან და რეინჯერებთან ერთად ჩართული იყო ეროვნული პარკის დირექტორი, დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპრაძე, ადმინისტრაციის რეინჯერი ზვიად ხუციშვილი და დამატებით ქვიშხეთის უბნიდან რეინჯერები ზაურ ხაჩიძე და ვასო გელაშვილი. მიმდინარეობდა მონადირეების დევნა მათი დაკავების მიზნით. თუმცა აღსანიშნავია, რომ რთული რელიეფისა და ტერიტორიის გაშლილობიდან გამომდინარე ვერ მოხდა სამართალდამრღვევების ადგილზე დაკავება.

მიუხედავად ამისა ფოტოხაფანგების გადამოწმების შედეგად სამართალდამრღვევები, 4 პიროვნება დაფიქსირებულია ფოტოხაფანგში და მათი იდენტიფიცირების შემდგომ მოხდება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და სასამართლოში გადაგზავნა შემდგომი რეაგირების მიზნით.