ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში “ ნორჩი რეინჯერი“-ს დაჯილდოება გაიმართა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში “ ნორჩი რეინჯერი“-ს დაჯილდოება გაიმართა 

2013 წლის 7 ივნისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნორჩი რეინჯერებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე  დაესწრო და ახალგაზრა რეინჯერები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.

პროგრამის „ნორჩი რეინჯერი“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, ჩართული იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის 5 სკოლა. თითოეული საჯარო სკოლიდან შერჩეული ათი მოსწავლე პროგრამის მანძილზე გაეცნო რეინჯერის ყოველდღიურ საქმიანობას და მონაწილეობა მიიღო ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა ფოტოხაფანგის მონტაჟი, ცხოველთა კვალზე დაკვირვება, მავნებლებთან ბრძოლის ტექნიკა და ლაშქრობის დროს საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.  

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე ნორჩმა რეინჯერებმა დადეს „რეინჯერთა ფიცი“, ისაუბრეს მათი შთაბეჭდილებებსა და მიღებული გამოცდილების შესახებ. მათ ასევე გადაეცათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბეჭდვითი მასალები.

პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისათვის, ასევე დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისა და რეინჯერების საქმიანობის პროპაგანდისათვის.