ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში

ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში 

 გასულ კვირას, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაცული ტერიტორიების დანაგვიანების ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, აღნიშნულ კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ჯარიმებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კანონი სანქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუ დანაგვიანება ტყის ხმობას გამოიწვევდა.   

დაცული ტერიტორიების მიწების დანაგვიანება, დაზიანება:

 1. ვიზიტორთა მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის  ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ბუნების ძეგლის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და სხვა, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვრების ფარგლებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

2. სამშენებლო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების დაყრა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის 1,000 ლარის  ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ბუნების ძეგლის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და სხვა, ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვრების ფარგლებში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას 1,500 ლარის ოდენობით;

3. რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური, ასევე სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის მავნე ნივთიერებებითა და ნარჩენებით დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას3,000 ლარის  ოდენობით;

4. ბუნების ძეგლის დაზიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 250 ლარისოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას700 ლარის  ოდენობით.

აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან გაზრდილი საჯარიმო სანქციებით.