დაცული ტერიტორიების სააგენტო გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ში მონაწილეობს

ITB Berlin ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა რომელიც ყოველწლიურად გერმანიაში, ქალაქ ბერლინში იმართება. დაცული ტერიტორიების სააგენტო “ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს“ (TJS) პროექტის ფარგლებში იღებს მონაწილობას, რომელიც ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) საშუალებითა და „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) მონაწილეობით.
გამოფენა მოიცავს ტურიზმის ყველა მიმართულებას, მათ შორის ეკოტურიზმს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია დაცული ტერიტორიები. ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რასაც მოწმობს შესაბამისი სტატისტიკა, 2015 წლის მონაცემებით 181 329 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, ამათგან გერმანელი ვიზიტორები უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზიტორთა პირველ ხუთეულში შედიან.
სააგენტო მომავალშიც გეგმავს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით.
„ეკო და სათავგადასავლო ტურიზმი, ინდუსტრიის ხვალინდელი დღეა. გამოფენაზე ცალკე დარბაზი ეთმობა ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს. ჩვენი სტენდიც სწორედ ამ სივრცეშია განთავსებული. ვფიქრობ, საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიას დიდი პოტენციალი აქვს ეკოტურიზმის განვითარებისთვის.“ - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა.