დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბიუჯეტირების, აღრიცხვისა და ანგარიშგებისათვის ახალი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა იგეგმება. აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერენ გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოში, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო (TJS) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).
პროგრამა სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებს საშუალებას მისცემს აწარმოონ გაცილებით მოქნილი ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება. მაგალითისათვის, თუ ამჟამად უკიდურესად რთულია იმის გარჩევა რამდენი დანახარჯია ცალკე აღებული დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის მიხედვით, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ამ ინფორმაციის მიღება ერთი კლავიშის ამოქმედებით. შედეგად, გაიზრდება შრომის ეფექტურობა, გამჭვირვალობა და უზრუნველყოფილი იქნება ოპერატიულობა.
პროექტის ფარგლებში, დაქირავებულმა სააუდიტო კომპანია KPMG-მ მოამზადა ანგარიში სააგენტოს კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის მიმდინარე მდგომარეობაზე და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები. ამჟამად იწყება პროგრამის სატესტო რეჟიმში გაშვება, რის შედეგადაც ორ საპილოტე დაცულ ტერიტორიაზე მოხდება პროგრამის ოპერირებაზე დაკვირვება და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, მთლიან სისტემაში დანერგვა. ნავარაუდევია პროგრამის სრულყოფილი დანერგვა მომდევნო ცხრა თვის მანძილზე.