დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თხილის სარჩევ-დამხარისხებელი ხელსაწყო გადასცა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის, „აჭარის დაცული ტერიტორიების განვითარება და მართვის დახვეწის“ ფარგლებში, კინტრიშის დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და UNDP/GEF პროექტის მენეჯერმა, ირაკლი გორაძემ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ჭახათის“ წევრებს 5900 ლარის ღირებულების თხილის სარჩევ-დამხარისხებელი დანადგარი გადასცეს. აღნიშნული დანადგარი მოსავლის დროულად აღებას, პროდუქციის თვითღირებულების შემცირებასა და შემოსავლის, 1 კილოგრამზე საშუალოდ 1 ლარით, გაზრდას შეუწყობს ხელს.
ქობულეთის რაიონის სოფ. ჭახათში რეგისტრირებული კოოპერატივი ხუთი წევრისაგან შედგება და მათ ძირითად საქმიანობას მემცენარეობა, მეხილეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს.
პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი GEF-ის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს და დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში, კოოპერატივების დაარსების და საქმიანობის ხელშეწყობის გზით, მდგრადი სასოფლო სამეურნეო წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.