დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის სიტყვა დაცული ტერიტორიების პრიორიტეტების შესახებ, წარმოთქმული გუშინ, თვინინგის პროგრამის პრეზენტაციის დროს

 დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის სიტყვა დაცული ტერიტორიების პრიორიტეტების შესახებ, წარმოთქმული გუშინ, თვინინგის პროგრამის პრეზენტაციის დროს

ქალბატონებო და ბატონებო,

მოგესალმებით, გახლავართ რატი ჯაფარიძე, მიმდინარე წლის 18 მაისიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე. მინდა მოკლედ მიმოვიხილო დაცულ ტერიტორიებზე ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და გაგაცნოთ სააგენტოს სამომავლო გეგმები.

2005 წელს სხვადასხვა საერთაშორისო თუ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე გამეკეთებინა რამე განსხვავებული და მიმეღო ახალი გამოცდილება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დავინიშნე თანამდებობაზე, სადაც მევალებოდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტის ადმინისტრირება. თავდაპირველად, ეს სამსახური ჩემთვის უბრალო გამოწვევა იყო, რომელიც საშუალებას მომცემდა, მომეხდინა საკუთარი მენეჯერული უნარ-ჩვევების რეალიზება, თუმცა, მოგვიანებით იმდენად ჩავერთე ამ დარგში, რომ მალევე გადავწყვიტე გარემოს დაცვის სფეროში დარჩენა და ახლა დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

დაცული ტერიტორიების სფეროში მოღვაწეობა საოცნებოა მათთვის, ვინც აფასებს ულამაზეს ხელუხლებელ ბუნებას, ეძებს თავგადასავლებს და გული შესტკივა ქვეყნის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე. ამ სფეროში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა სერიოზული სტიმულია/მამოძრავებელია ჩემთვის და გადავწყვიტე, ჩემს გუნდთან ერთად ვიყო ის ადამიანი, ვინც საკუთარ წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ქვეყნის ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენაში. 

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს არსებული პრობლემების შეფასება, მიღწევების იდენთიფიცირება, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებში ჩართვა და ოქროს შუალედის პოვნა გარემოს დაცვას, რესურსების მდგრად გამოყენებასა და განვითარების საჭიროებას შორის.

2005 წლის შემდეგ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემაში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. არ იქნება სამართლიანი, რომ არ აღვნიშნო ის დადებითი ცვლილებები, რაც განხორციელდა წინა ხელმძღვანელობის დროს. დავასახელებ რამდენიმეს:

 

• ბრაკონიერობა/უკანონო ჭრა -

ბრაკონიერობის შემთხვევები, სადაც აქტიურად იყვნენ სახელმწიფო მოხელეები ჩართულნი, ვერტმფრენებით ნადირობის და უკანონო ჭრის ჩათვლით, მინიმუმამდეა დაყვანილი;

 

• კორუფცია -

ეფექტური კანონაღსრულებითი პროცედურებისა და თანამშრომლების გულდასმითი შემოწმების შედეგად შემცირდა კორუფცია;

 

• დაფინანსება -

2005 წელთან შედარებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერა სახელმწიფო ბიუჯეტით ცხრაჯერ გაიზარდა და დღეს ჩვენ მეტ-ნაკლებად შეგვიძლია შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი ხელფასები (სამწუხაროდ, მხოლოდ ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომლებს);

 

• დონორები -

საკმაოდ აქტიურად უწყობენ ხელს დაცული ტერიტორიების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტერიტორიული ადმინისტრაციებისათვის სახელფასო დანამატების გამოყოფას და საველე კვების უზრუნველყოფას.  ეს იმ მიღწევების ჩამონათვალია, რომელიც ჩემგან მოწონებასა და შექებას იმსახურებს. თუმცა, მე და ჩემი გუნდი არ ვჯერდებით მიღწეულს და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. 

 ეს გამოწვევები საკმარისზე მეტია და მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რამდენიმე მათგანზე, რათა გაეცნოთ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში დასახულ პრიორიტეტებს.

 

• ეკოსისტემების დაცვა და ბიომრავალფეროვნება - ეკო ტურიზმის განვითარება, ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარება და უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა, ბუნებრივია, ძალიან საშური საქმეა, თუმცა ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული დაცული ტერიტორიების შემქნის ძირითადი მიზანი, რომელსაც ნამდვილად არ წარმოადგენს ტურიზმიდან ფისკალური შემოსავლების მიღება.

დაცული ტერიტორიების შექმნისას უპირველესია მიზანია ბუნებრივი რესურსების დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნების მოსალოდნელი საფრთხეებისაგან აცილება და მათი სოციალურ/ეკონომიკური ფასეულობების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. დაცული ტერიტორიები განაპირობებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღი სასიცოცხლო გარემო პირობების შექმნას, რაც გულისხმობს სუფთა წყალს, ჰაერს და ნიადაგის ეროზიებისაგან დაცვას.

დაცული ტერიტორიების სათანადო მოვლა, აღდგენა და შენარჩუნება დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან, რომლის უზრუნველსაყოფად საჭიროა დამატებითი დაფინანსების მოძიება.

 

• დაფინანსება - 

დიახ! მართლაც-რომ ფული მართავს მსოფლიოს. დაფინანსების პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველო იდგა ამ სექტორში ჩემი ჩართვისას რისთვისაც მეტად აქტუალური საკითხი იყო. ეს დღესაც პრობლემაა, თან საკმაოდ დიდი. მიუხედავად იმისა, რომ, 2005 წელთან შედარებით, სააგენტოს დაფინანსება ცხრაჯერ გაიზარდა, მაინც დიდი დროა იქამდე, სანამ არსებული ფინანსური სახსრები შესაბამისობაში მოვა სექტორის რეალურ საჭიროებებთან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ერთობლივი პროექტი, რომელიც ხორციელდება დაცულ ტერიტორიებზე, ნამდვილად დიდი შვება და სარგებელია როგორც სააგენტოსათვის, ასევე -საქართველოს ბიომრავალფეროვნებისათვის.

 

• დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა -

მომავალი ერთი წლის განმავლობაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილია ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დაარსება, რაც დაცული ტერიტორიების მთლიან ფართობს 8.5%-მდე გაზრდის. ჩვენ ასევე ვაპირებთ დაცული ტერიტორიების გაზრდას ბიომრავალფეროვნების კონვენციის (CBD) მიერ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონების მიხედვით დაცული ტერიტორიების ფართობის თანაბარ ზრდას 17%-მდე.

 

• დეცენტრალიზაცია -

ჩვენ გვაქვს მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები მკაცრად ექვემდებარება დაცული ტერიტორიების ცენტრალურ ოფისს. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ამგვარი სტრუქტურის შემნას ჰქონდა თავისი გამართლება, ჩვენ გვჯერა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სჭირდება პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა დეცენტრალიზაციისკენ. მიზანშეწონილი არ არის, რომ გადაუდებელი აუცილებლობის საჭიროების მომსახურება ან შესყიდვა ცენტრალური ოფისის მეშვეობით ხდებოდეს. საწყის ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ საპილოტე პროექტის დაწყებას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მაგალითზე, სადაც ადმინისტრაციისათვის ფიქსირებული ბიუჯეტი გამოიყოფა და მიეცემათ ადგილზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს წარმოქმნილი პრობლემის მყისიერ გადაწყვეტას. თანდათანობით, ჩვენ ვაპირებთ დანარჩენი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების გადაყვანას მმართველობის მსგავს სისტემაზე.

 

• ეკოლოგიური დერეფანი -

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით შეიქმნა სხვადასხვა დაცული ტერიტორია, ეს ტერიტორიები ერთმანეთთან ეკოლოგიური დერეფნის მეშვეობით არ არიან დაკავშირებულნი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნას დაცული ტერიტორიების ერთმანეთთან დაკავშირებით ეკო-დერეფნის მეშვეობით. 

 

• საზოგადოების მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში -

ეს საკითხი საჭიროებს გაუმჯობესებას და მიმაჩნია, რომ იგი დაცული ტერიტორიების წინა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სამუშაოების ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ძირითადი გადაწყვეტილება ხშირად საზოგადოების მონაწილეობისა და კონსულტაციის გარეშე მიიღებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებები რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივ აზრს. მაგალითად, მე მინდა შეგახსენოთ წინა მთავრობის განზრახვა „წითელ ნუსხა“-ში შეტანილ სახეობებზე ნადირობის დაკანონების შესახებ.

ჩვენ მიზნად ვისახავთ, სიტუაციის შეცვლას და საზოგადოების უფრო აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაგეგმილია მრჩეველთა საბჭოს შექმნა; პირველ ეტაპზე სააგენტოში, შემდეგ კი -დაცულ ტერიტორიებზე.

საკონსულტაციო საბჭოში შევლენ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიური დაწესებულებების თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა და გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც მიიღებენ სრულ ინფორმაციას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ რეგულარული შეხვედრები, სადაც მოვისმენთ პრობლემებს და შევიმუშავებთ ზომებს მათ დასაძლევად.

 

• საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებლად მიმართული ღონისძიებები  ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ერთ-ერთი დამახასიათებელი პრობლემა არის ის, რომ გვიჭირს ვაღიაროთ საკუთარი დანაშაული. ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის სხვას გადავაბრალოთ ჩვენი შეცდომები. გავრცელებულ ბრაკონიერობასა და დანაგვიანებაში ხშირად ჩვენ მიგვიძღვის ბრალი და არა სხვას. ჩვენ უნდა განვავითაროთ გრძელვადიანი ყოვლისმომცველი ეკო საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრად და გრძელვადიან შედეგებს გარემოსდაცვით სფეროში. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეკო საგანმანათლებლო კამპანიის პარალელურად გაიზრდება ჯარიმები კანონდამრღვევების მიმართ და, რაც მთავარია, უზრუნველყოფილ იქნება ეფექტური კანონაღსრულება.

 

• სახეობათა რეინტროდუქციის ღონისძიებები - 

საქართველო სერიოზულად დაზარალდა ბრაკონიერობისაგან. სამწუხაროდ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ბოროტად სარგებლობს საკუთარი უფლებით და ნადირობს მკაცრი დაცვის რეჟიმის დაცულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა არსებობს, ჩვენ უპირობოდ ვგმობთ ასეთ პრაქტიკას და ვუცხადებთ შეურიგებელ ბრძოლას. 

ამავე დროს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის ზრდისათვის. რეინტროდუქციის პროექტების განახლება არის ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი მათი პოპულაციების აღსადგენად. რამდენიმე მსგავსი პროექტი დაწყებულია და მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ვერ დავიკვეხნით დადებითი შედეგებით. საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ზოგიერთი სახეობა, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დაიღუპა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ჩვენ უნდა შევაფასოთ პრობლემა, გამოვიტანოთ სათანადო დასკვნები და გავაგრძელოთ მუშაობა საფრთხის ქვეშ  მყოფი სახეობების რეინტროდუქციის კუთხით. 

ეს არის ჩვენი მომავლის სამომავლო და დასახული ქმედებების მცირე ჩამონათვალი. 

მაქსიმალურად შევეცადე, მოკლედ გადმომეცა ჩვენი საქმიანობის საკვანძო მიმართულებები და გეგმები, რათა ჩემი პრეზენტაციის დროს არ მოგეწყინათ და არ დამეღალეთ. თქვენის ნებართვით, აქ შევჩერდები. 

სურვილისა და დაინტერესების შემთხვევაში, გამოვხატავ ინდივიდუალური შეხვედრებისათვის მზადყოფნას და სამომავლო გეგმების კიდევ უფრო დეტალურად განხილვას.

დასასრულს, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება დაწყებული პროექტისადმი, რაც სავარაუდოდ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მონაწილე მხარეებს შორის გარემოსდაცვით საკითხებში. აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაეხმარება მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.

მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ყველა პარტნიორი მხარის და კერძო პირის მიმართ. 

გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სამუშაო პროცესს.  კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისა და მოსმენისათვის. რატი ჯაფარიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე/