დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა

გუშინ, 10 ივლისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში  ბუნების ძეგლების სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომის მსვლელობისას, ამ ეტაპზე, ბუნების ძეგლებად გამოსაცხადებელ 7 ობიექტისა და 1 ბუნების ძეგლის კომპლექსის სია დადგინდა (ბუნების კომპლექსი თავისთავად ასევე მოიცავს 9 ბუნების ცალკეულ ძეგლს).  მთლიანობაში 16 ობიექტი.

8 ობიექტზე არსებული 16 ბუნების ძეგლის საბოლოო სია დადგინდა.  დამატებით 5 ობიექტის ბუნების ძეგლად გამოცხადების საკითხი შემდგომი ეტაპისათვის გადაიდო. ეს განპირობებულია აღნიშნული ობიექტების  ბუნების ძეგლებად გამოცხადებისთვის ინფორმაციის არასაკმარისობით.

 ნახსენებ რვა ობიექტში შედის:

 

•             სამეგრელოს  ბუნების ძეგლების კომპლექსი;

•             გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი (ადიგენის მუნიციპალიტეტი);

•             დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი (წალკის მუნიციპალიტეტი);

•             სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);

•             მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი);

•             ბოდორნის კლდის სვეტები (დუშეთის მუნიციპალიტეტი);

•             ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი);

•             ქეთერისის მინერალური ვოკლუსის ბუნების ძეგლი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).

 

აღნიშნული ბუნების ძეგლების შექმნის მიზნით მომზადდება კანონპროექტი, რომელიც 11 ივლისს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს ბუნების ძეგლების შერჩევის კრიტერიუმების გადაფასებაც.