დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან არსებულ, ამ დრომდე იურიდიული სტატუსის არმქონე საკონსულტაციო საბჭოს, დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველზე, იურიდიული სტატუსი მიენიჭა.
საბჭო, რომლის შემადგენლობაში აკადემიური სექტორის პარალელურად, გარემოსდაცვით და ტურიზმის სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, სულ მცირე ორ თვეში ერთხელ შეიკრიბება და სააგენტოში არსებულ პრობლემებზე, ჩატარებულ და ასევე დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელებს.
საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ და მასში შედიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - CENN, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი – NACRES, მწვანე ალტერნატივა - Green Alternative, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი - WWF, ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირი - IUCN, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი - REC Caucasus, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ, კავკასიის ბუნების ფონდი - CNF, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი - GEF, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა - UNDP, ეუთო - OSCE, ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი. ასევე , თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
აღნიშნული პრაქტიკა ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი მიდგომა ამ შემთხვევაშიც დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდება.