დასუფთავების აქცია თბილისის ეროვნულ პარკში

დასუფთავების აქცია თბილისის ეროვნულ პარკში
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2013 წლის 24 ივლისს, 12 საათზე, თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.
პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა თხუთმეტმა პირობით მსჯავრდებულმა პირმა და მათმა ოფიცრებმა ცხვარიჭამიის მიმდებარე ტყის მასივი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. ღონისძიების მიზანი იყო დაცული ტერიტორიების და ეროვნული პარკების სფეროში პრობაციონერების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები უკვე რამდენჯერმე ჩატარდა: იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ათმა არასრულწლოვანმა პირობით მსჯავრდებულმა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორია მოინახულა; ასევე, მოეწყო ლაშქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ათი პირობით მსჯავრდებულისა და პრობაციის ოფიცრების მონაწილეობით. მომავალში კვლავაც არის დაგეგმილი ასეთი ღონისძიებების განხორციელება.