ჯეირნების რეინტროდუქციის პროექტი საქართველოში

ჯეირნების რეინტროდუქციის პროექტი საქართველოში
2013 წლის 21 ოქტომბერს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, ასევე გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ჯეირნების რეინტროდუქცია კავკასიის ისტორიულ ჰაბიტატებში“ მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტის მიზანს ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება იორ-მინგეჩაურის ტრანსსასაზღვრო კონსერვაციულ ტერიტორიაზე ჭალის ტყის რეაბილიტაციის, დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისა და გადაშენებული ჯეირნის რეინტროდუქციის გზით წარმოადგენდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯეირნების (Gazellasubgutturosa) რეინტროდუქცია 2 ეტაპად იყო დაგეგმილი. პირველი ეტაპი 2012-2013 წლებში აზერბაიჯანში განხორციელდა, სადაც შირვანის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან მოხდა რამდენიმე ინდივიდის გადაყვანა მინგეჩაურის მიმდებარე სტეპებში (ჯეირნების ისტორიული ჰაბიტატი) და ბუნებაში გაშვება. ამ ინდივიდების მონიტორინგის მიზნით კი, ისინი სპეციალური სენსორული საყელოებით აღიჭურვნენ.
ამჯერად, მეორე ეტაპზე, ჯეირნების რეინტროდუქცია საქართველოში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე განხორციელდა, რაც რეგიონში ბიომრავალფეროვნების აღდგენისაკენ მიმართულ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე ესწრებოდნენ. როგორც აზერბაიჯანში, საქართველოშიც რეინტროდუცირებული ჯეირნები სენსორული საყელოებით არიან აღჭურვილნი.
აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ჯეირნის ისტორიულ ჰაბიტატებში ჩასახლების პროექტი 2009 წლიდან ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით. თუმცა, გასულ წლებში თურქეთიდან შემოყვანილ ჯეირნების ნაწილი, ახალ გარემოში ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო დაიღუპა და დროთა განმავლობაში აღნიშნული პროექტის ხელახლად განხორციელების საჭიროება წარმოიშვა.
პროექტის სახელწოდება: ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება იორ-მინგეჩაურის რეგიონის პრიორიტეტულ ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიაზე
მოკლე დახასიათება: ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება იორ-მინგეჩაურის ტრანსსასაზღვრო პრიორიტეტულ კონსერვაციულ ტერიტორიაზე ჭალის (ტუგაის) ტყის რეაბილიტაციის, დაცული ტერიტორიებისა და საძოვრების მართვის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე გადაშენებული ჯეირნის (Gazella subgutturosa) რეინტროდუქციის გზით
განხორციელების პერიოდი:
2012 წლის 1 ივლისი – 2015 წლის 30 ივნისი
ქვეყნები: საქართველო და აზერბაიჯანი
დონორი: გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (BMZ) და WWF გერმანია
განმახორციელებელი: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, WWF გერმანიის ოფისთან ერთობლივად.
მიზანი:
2013 წლის შემოდგომით აზერბაიჯანიდან (შირვანის ეროვნული პარკიდან) საქართველოში (კერძოდ, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე) რეინტროდუცირებულ იქნება 30 ჯეირანი.