ეკო ტურიზმის განვითრების სამუშაო შეხვედრა ქორთიარდ მერიოტში

ეკო ტურიზმის განვითრების სამუშაო შეხვედრა ქორთიარდ მერიოტში 

2014 წლის 13 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში ეკო და ბიომრავალფეროვნებაზე დაფუძნე-
ბული ტურისტული პროდუქტების განვითარების საკითხს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებუ-
ლი ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის („საქართველოს მხარდაჭერა დაცული ტერიტორიების განვითარების სფეროში“) ფარგლებში საქართველოს 5 ეროვნულ პარკში ვიზიტორთათვის ახალი ტურისტული და საგანმანათლებლო პროდუქტები დაინერგა. ესენია: კანიონინგი (ჩანჩქერებზე თოკით დაშვება) და ზიპლაინი (ვერტიკალურად გაბმულ თოკზე გადაადგილება) მტირალას ეროვნულ პარკში, გეოლოგიურ - საინტერპრეტაციო ბილიკი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ველობილიკები თბილისის ეროვნულ პარკში, ნიჩბოსნობა კოლხეთის ეროვნულ პარკში და საბავშვო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბილიკი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკო ტურიზმის განვითარებისა და პროექტის განხორციელების სფეროში ჩართული სხვადასხვა ორგანზაციებისა და სტრუქტურების წარმომადგენლები - დაცული ტერიტორიების სააგენტო (APA), ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA), საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA), ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და კვლევის ცენტრი (NACRES), პროექტის უშუალო განმახორციელებელი მხარე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

შეხვედრის დროს დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებს, ახლად დანერგილ ტურისტულ პროდუქტებსა და ემსჯელათ მდგრადი ტურიზმის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული პროდუქტების მარკეტინგზე და მათ პოპულარიზაციაზე, აღნიშნული პროდუქტებისათვის ეკო სერტიფიკატის მინიჭების საკითხზე და სხვა, ეკო ტურიზმთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე.