ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის ღონისძიებაზე მარტვილის კანიონს „ევროპის საბჭოს ლანდშაფტის ჯილდო“ გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის მდგრადი განვითარების პროექტი, 2019 წელს, ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, მათ შორის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის.
დაჯილდოების ცერემონია 2022 წელს, საბერძნეთში, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 120 დეგელატი ესწრებოდა, „მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, წარადგინა.
პრეზენტაცია მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებების და ლანდშაფტების აღდგენის კუთხით მიღებული შედეგების შესახებ. სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს მხარე, კანიონის აღდგენა-განვითარების ეფექტიანი სამუშაობის განხორციელებისთვის, სერტიფიკატით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ „მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი“ ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში გამოცხადებულ „ლანდშაფტის პრიზის“ მე-6 სესიაზე, 2018 წელს იყო წარდგენილი. აღნიშნულ სესიაზე წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
მარტვილის კანიონი ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროცესებში ჩართულობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. კანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, ეკოტურიზმი გახდა მეტად უსაფრთხო, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.
„ევროპის საბჭოს ლანდშაფტის ჯილდო“ მარტვილის კანიონს 2019 წელს მიენიჭა. დაჯილდოვების ცერემონია, რომელიც 2020 წელს პანდემიის გამო გადაიდო, მიმდინარე წლის 6-8 აპრილის განმავლობაში საბერძნეთში გაიმართა.