კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფონდის ფუნქციონირება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების ფონდის ფუნქციონირება

2008 წლის 6 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელმა, ყულევის საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის გამო ვალდებულია განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკომპენსაციო ღონისძიებები. აღნიშნულის შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალის მიერ ერთობლივად დაფუძნდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი. ფონდის თანხები მიმართულია კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ინფრასტრუქტურის განვითარების, აღდგენითი, სარეაბილიტაციო, მონიტორინგისა და კვლევითი სამუშაოების განხორცილებისკენ.  

ფონდის ფუნქციონირების მიმდინარე ეტაპზე, აგვისტოსა და სექტემბერში გამოცხადდა ტენდერები მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებით. შესყიდული ავტომანქანები გადაეცემა კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერთა სამსახურს პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, 2013 წლის 5 სექტემბერს სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის დეფექტური აქტის მომზადების თაობაზე. 

პარალელურად, მიმდინარეობს დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციული ეზოს, რეინჯერთა თავშესაფრის, ნავმისადგომისა და  მდ. ფიჩორის სანაპიროზე საველე ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების შექმნის მიზნით სამშენებლო კომპანიებისაგან წერილობითი შემოთავაზებების მიღება. წლის ბოლომდე დაგეგმილია ყულევის სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ ღამურების ახალი თავშესაფრის მოწყობა, შავი ზღვის ვეშაპისნაირთა მონიტორინგის პროგრამის განხორციელება, კოლხეთის ეროვნული პარკის ცხოველთა სამყაროს მონიტორინგის გეგმის შემუშავება, ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, ჭურიაზე ფრინველთა დარგოლვის ცენტრის დაარსება, კოლხეთის ეროვნულ პარკში მობუდარი ფრინველებისა და მოზამთრე წყალმცურავების აღრიცხვა.