ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2013 წლის 9 ივლისს, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შენობაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, მათ შორის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დირექტორი გიორგი სულამანიძე, ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადგილობრივი გიდები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრის დროს წარმოადგინეს  განვლილი 6 თვის მანძილზე შესრულებული საქმიანობების ანგარიში და სამომავლო გეგმები. ასევე, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დაარსების 101 წლის იუბილის აღნიშვნა, ახლად შექმნილი აღკვეთილის ტერიტორიაზე ალპური საძოვრების მართვის პრობლემა, დაცულ ტერიტორიაზე არსებული ტყეების მდგომარეობა და საშეშე მერქნის რესურსი, ეკო ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.  სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ადმინისტრაციის სიახლოვეს გაკეთდეს პარკის დაარსების ერთ-ერთი ადრეული ინიციატორის - ლუდვიგ მლოკოსევიჩის მემორიალი, რომლის წვლილი დაცული ტერიტორიის დაარსებაში საკმაოდ დიდია.

გარდა ამისა, სხდომაზე აღინიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკარავე ადგილების მოწყობა, რაც ტურიზმის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. მსგავსი ქმედებები ხელს შეუწყობს ბუნების დაცვისაკენ  მიმართული საქმიანობების ეფექტურობასა და ტურიზმის მდგრად განვითარებას.

საკონსულტაციო საბჭოს შეკრება პირველი პრეცედენტია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის არსებობის მანძილზე.  აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებულ საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული და მისი დანერგვა საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობას უწყობს ხელს.