მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის დასასრული
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის დასასრული
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ პროექტ „საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე" მუშაობა დაასრულა. პროექტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა და საქართველოს 5 დაცულ ტერიტორიაზე 9 ახალი ეკოტურისტული პროდუქტის შექმნას ისახავდა მიზნად.
ღონისძიება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა და პროექტის მნიშვენლობაზე ისაუბრა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაი ესწრებოდნენ.
პროექტ „საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე" ფარგლებში, დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე სახის ეკოტურისტული პროდუქტები შემუშავდა: ველო ბილიკები თბილისის ეროვნულ პარკში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბილიკი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ზიპლაინი და კანიონინგი მტირალას ეროვნულ პარკში, ნიჩბოსნობა კოლხეთის ეროვნულ პარკში და გეოლოგიური ბილიკი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. 2014 წლის ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე სერვისები ხელმისაწვდომი იქნება დაცულ ტერიტორიებზე მისული ვიზიტორებისათვის.