საინფორმაციო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

საინფორმაციო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

2013 წლის 11 ოქტომბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეგიდით, ტურ ოპერატორი კომპანიებისათვის მოეწყო საინფორმაციო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ტურის მიზანს ახალი ტურისტული პროდუქტის - საფარის ტიპის ჯიპით გადაადგილების სერვისის პოპულარიზაცია  და ასევე ვაშლოვანის უნიკალური ბუნებისა და იქ არსებული ტურისტული მარშრუტების გაცნობა წარმოადგენდა.

საფარის ტიპის ჯიპით გადაადგილება საკმაოდ გავრცელებული სერვისია უცხოეთის ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნული ჯიპიs ნახევრად ღია კორპუსი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს უფრო ცხადად ადევნონ თვალყური მათ ირგვლივ გაშლილ პეიზაჟებს და მძაფრი შთაბეჭდილებები მიიღონ ავტომანქანით გადაადგილებისას.     

აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი ასევე მნიშვნელოვანია კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში და შესაბამისად ნახევრად უდაბნოს სახელით არის ცნობილი.

გარდა ამისა, 2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.  

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეული ბიო მრავალფეროვნებით, უნიკალური ბუნების ძეგლებით, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით და საინტერესო თავგადასავალს სთავაზობს იქ მისულ ტურისტს. დაცული ტერიტორიების სააგენტო იმედოვნებს, რომ მომავალში ვაშლოვანი ქართველი ტურისტებისა და მძაფრი შთაბეჭდილებების მაძიებელ ვიზიტორთა შორის კიდევ უფრო პოპულარული და სასურველი მიმართულება გახდება.