საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის საკითხის განსახილველად საკონსულტაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში UNDP-ის დაფინანსებით მიმდინარეობს პროექტი „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიის საზღვრების დადგენა-დემარკაცია. ამასთან, მოსახლეობის სარგებლობაში არსებული ტერიტორიების მაქსიმალურად ზუსტად აღსარიცხავად გაიმართა მთელი რიგი შეხვედრები და კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო საბჭო შექმნილია მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვანი ასახვისა და დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის მიზნით. ასეთი შეხვედრების ჩატარების ძირითადი მიზანია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის კონსულტაციისა და მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა.
სხდომაზე გამართული ხანგრძლივი და პროდუქტიული მსჯელობის შედეგად საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა და დაცული ტერიტორიის სააგენტოს წარმომადგენლებმა მაჭახელას ეროვნული პარკის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები შეაჯერეს.