სამუშაო შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი პროექტის - "აჭარის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის ეფექტურობა გაუმჯობესების" ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის მიზანს კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების, მისიისა და ხედვის, ასევე, იმ ქმედებების განხილვა წარმოადგენდა, რომლებიც სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული.

გაიმართა დისკუსია სტრატეგიული მიმართულებებისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობების თაობაზე, გამოითქვა წინადადებები და მოსაზრებები ძირითადი ამოცანების მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელების მეთოდებზე.

შეხვედრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა და მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების, აჭარის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონში მიმდინარე სხვა გარემოსდაცვითი პროექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი GEF-ის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.