საქართველოს დაცული ტერიტორიების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, წლის ყველა სეზონზე დასათვალიერებლად საინტერესო იყოს ვიზიტორისთვის

საქართველოს დაცული ტერიტორიების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, წლის ყველა სეზონზე დასათვალიერებლად საინტერესო იყოს ვიზიტორისთვის.
„როგორც ადგილობრივ, ისე, საერთაშორისო ვიზიტორებზე მორგებული, კომფორტული და ხელმისაწვდომი მოგზაურობისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ეკოტურისტული ობიექტების, სარეკრეაციო სივრცეების მოწყობისა და ეკოტურისტული სერვისების გაფართოებისა და გამრავალფეროვნების მიმართულებით“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.
მიმდინარე ეტაპზე დასრულდა მასშტაბური ტურისტულ-რეკრეაციული პროექტები - თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, საბადურის და ზედაზენის უბნებზე, მოეწყო 2 ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა, პარკინგები, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკების ქსელი თანმდევი ინფრასტრუქტურით, ფანჩატურები, საკემპინგე და საპიკნიკე სივრცეები; ალგეთის ეროვნულ პარკში, ბირთვისის კანიონზე მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმები, დაკიდებული ხიდები, საქანელა, კოტეჯები, ზიპლაინი და დაცულ ტერიტორიებზე პირველი ვია ფერატა - კლდოვან რელიეფზე მოწყობილი მარშრუტი, რომელიც ექსტრემალური და აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი; 3 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 10 ახალი ტურისტული თავშესაფრის და 4 დაცულ ტერიტორიაზე 287 კმ. სიგრძის ტურისტული ბილიკების ქსელის მოწყობა.
თამარ ხახიშვილის განცხადებით, ახალი ობიექტები უახლოეს პერიოდში გაიხსნება და ვიზიტორებს საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობის გამოცდილებას შეუქმნის, მოიზიდავს ახალ ვიზიტორებს, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონში მცხოვრები, ტურისტულ ბიზნესში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.